PDF
დაბრუნდით უკან

გამოქვეყნების თარიღი: 26.08.2025 წ.

Paysera მობილური აპლიკაციის გამოყენების წესები

ტერმინთა განმარტებები

მომსახურების გენერალური ხელშეკრულება – Paysera-ს კლიენტებზე გავრცელებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმისაწვდომია აქ.

Paysera – ისე, როგორც განსაზღვრულია მომსახურების გენერალურ ხელშეკრულებაში.

Paysera-ს მომსახურება – Paysera-ს მიერ მოწოდებული ელექტრონული ფულის გამოშვების, გადაცვლის, გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება.

Paysera-ს სისტემა – ელექტრონული გადახდების სისტემა, ხელმისაწვდომი მისამართზე www.paysera.ge, სადაც ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გახსნან ელექტრონული ფულის ანგარიშები და ისარგებლონ Paysera-ს მომსახურებით.

Paysera ანგარიში – სისტემაში კლიენტის სახელზე გახსნილი ანგარიში, რომელიც გამოიყენება ანგარიშსწორებებისა და სხვა გადახდის ოპერაციების შესასრულებლად.

პროფილი – კომპიუტერულ სისტემაში რეგისტრაციის შედეგი, რომლის დროსაც ინახება რეგისტრირებული პირის მონაცემები, ენიჭება ავტორიზაციის სახელი და განისაზღვრება მისი უფლებები სისტემაში.

დადასტურების კოდი – ერთჯერადი ციფრული კოდი, რომელიც განკუთვნილია კლიენტის მობილური ტელეფონის ნომერსა და Paysera აპლიკაციას შორის კავშირის შესამოწმებლად და დასადასტურებლად, რომელსაც Paysera აგზავნის კლიენტის ტელეფონის ნომერზე და რომელიც შეჰყავთ Paysera აპლიკაციაში.

Paysera აპლიკაცია – მობილური აპლიკაცია, რომელიც ეწერება და გამოიყენება მობილურ მოწყობილობებზე და იძლევა Paysera-ს შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას.

გაყიდვების წერტილი – ფიზიკური ადგილი, სადაც საქონლის გამყიდველი ან მომსახურების მიმწოდებელი იღებს გადახდებს გაყიდული საქონლისა ან/და გაწეული მომსახურების სანაცვლოდ Paysera აპლიკაციის გამოყენებით.

Paysera აპლიკაციის განბლოკვის PIN კოდი – კლიენტის მიერ შექმნილი ხუთციფრიანი კოდი, რომელსაც ის იყენებს საკუთარი Paysera აპლიკაციის განბლოკვისა და მისი შემდგომი გამოყენებისთვის.

მერჩანტის იდენტიფიკატორი – გაყიდვების წერტილში წარდგენილი QR კოდი (უნიკალური ვიზუალური კოდი) ან BAR კოდი (ციფრული შტრიხკოდი), რომელიც გამოიყენება გაყიდვების წერტილის ან კონკრეტული გადახდის იდენტიფიცირებისთვის და მობილური მოწყობილობის საშუალებით იძლევა გაყიდვების წერტილში კლიენტის მიერ შეკვეთილი და გადასახდელი საქონლის ან მომსახურების შესახებ ინფორმაციისა და მათი ფასის ასახვის შესაძლებლობას.

ანგარიშის შევსების ან ნაღდი ფულის გამოტანის კოდი – QR ან BAR კოდის სახით ასახული უნიკალური კოდი, დაგენერირებული Paysera აპლიკაციის მიერ, რომელსაც კლიენტი იყენებს საკუთარ Paysera ანგარიშზე თანხის შესატანად ან ნაღდი ფულის გამოსატანად.

უნიკალური იდენტიფიკატორი – ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ანგარიშის ნომერი ან ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თანხის მიმღების დასადგენად და საგადახდო დავალების შესასრულებლად.

Paysera მობილური აპლიკაციის ფუნქციები

1. Paysera მობილური აპლიკაცია არის Paysera-ს მიერ მოწოდებული ერთ-ერთი საგადახდო ინსტრუმენტი.

2. Paysera მობილური აპლიკაციის შეძენა (გადმოწერა) უფასოა. Paysera-ს კონკრეტული მომსახურებების ტარიფები იხილეთ აქ.

3. კლიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მის მობილურ მოწყობილობაში Paysera მობილური აპლიკაცია ჩამოტვირთული და დაყენებულია მხოლოდ Paysera-ს მიერ მითითებული „Apple Store“-ისა და „Google Play“-ის ვებგვერდებიდან.

4. Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით კლიენტს შეუძლია შემდეგი ქმედებების შესრულება:

4.1. დარეგისტრირდეს სისტემაში და შექმნას პროფილი (Paysera-ს მომსახურებით სარგებლობა შეზღუდულია, სანამ Paysera-ს სისტემაში მითითებული წესების შესაბამისად არ შესრულდება იდენტიფიკაციის სრული პროცედურა);

4.2. დააკავშიროს საგადახდო ბარათი Paysera მობილურ აპლიკაციასთან და შეასრულოს ანგარიშსწორებები საგადახდო ბარათიდან გაყიდვების წერტილებში Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით;

4.3. იხილოს Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით შესრულებული ბოლო საგადახდო ოპერაციების ამონაწერები.

5. სრულად იდენტიფიცირებულ კლიენტს Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით შეუძლია ისარგებლოს შემდეგი Paysera მომსახურებით:

5.1. Paysera-ს ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა Paysera-ს ანგარიშის სხვა მფლობელებზე, მხოლოდ მიმღების მობილური ნომრის ან ელ. ფოსტის მითითებით;

5.2. Paysera-ს ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა Paysera-ს სისტემის გარეთ არსებულ ანგარიშებზე;

5.3. Paysera ანგარიშზე ნაშთის შემოწმება და ბოლო ჩარიცხული და გადარიცხული ოპერაციების ნახვა;

5.4. Paysera-ს ანგარიშიდან ანგარიშსწორება იმ გაყიდვების წერტილებში, რომლებიც იღებენ გადახდებს Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით;

5.5. საგადახდო ბარათის Paysera მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირება და მისი გამოყენებით გაყიდვების წერტილებში საგადახდო ბარათიდან ანგარიშსწორება;

5.6. Paysera-ს ანგარიშზე თანხის შეტანა;

5.7. Paysera-ს ანგარიშიდან ნაღდი ფულის გამოტანა.

5.8. Paysera აპლიკაციაში ინტეგრირებული კვალიფიციური ელექტრონული იდენტიფიკაციის მომსახურებით სარგებლობა, რომელიც კლიენტს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ გაიაროს ავთენტიფიკაცია სხვადასხვა საინფორმაციო სისტემაში და ისარგებლოს ელექტრონული მომსახურებებით. კვალიფიციური ელექტრონული იდენტიფიკაციის მომსახურება უფასოა.

6. შესაძლოა, Paysera მობილურ აპლიკაციას აპლიკაციის განახლებებისას დაემატოს ახალი ფუნქციები. შეთავაზება ახალი ფუნქციების დაყენების შესახებ კლიენტს ეგზავნება კლიენტის მობილურ მოწყობილობაზე და ახალი ფუნქციების დაყენებასა და გამოყენებაზე კლიენტის თანხმობად ითვლება კლიენტის მიერ მობილური აპლიკაციის განახლების დაყენება.

7. Paysera მობილური აპლიკაციის ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება განსხვავდებოდეს მობილურ მოწყობილობაზე გამოყენებული ოპერაციული სისტემის მიხედვით.

Paysera მობილური აპლიკაციის გამოყენებით Paysera ანგარიშის გახსნა

8. კლიენტი რეგისტრირდება Paysera სისტემაში და ქმნის პროფილს თავისი ელ. ფოსტის და/ან ტელეფონის ნომრის მითითებით. სისტემაში რეგისტრაციისას მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კლიენტს შეიძლება მოეთხოვოს სისტემაში დანერგილი კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურის გავლა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება, ისე როგორც ეს მითითებულია მომსახურების გენერალურ ხელშეკრულებაში, რათა კლიენტმა შეძლოს Paysera-ს ანგარიშითა და Paysera-ს მიერ გაწეული სხვა მომსახურებებით სარგებლობა.

9. Paysera მობილურ აპლიკაციაში შესვლა და აპლიკაციის საშუალებით ქმედებების შესრულება შესაძლებელი ხდება მას შემდეგ, რაც:

9.1. კლიენტი Paysera-ს ანგარიშს დაუკავშირებს საკუთარ მობილური ტელეფონის ნომერს;

9.2. შექმნის Paysera მობილური აპლიკაციის განბლოკვის PIN კოდს.

10. კლიენტის მიერ Paysera მობილური აპლიკაციისთვის შექმნილი PIN კოდი წარმოადგენს მუდმივ პაროლს, რომელსაც კლიენტი იყენებს საკუთარი Paysera მობილური აპლიკაციის განბლოკვისთვის, ანგარიშზე შესვლისა და მის სამართავად. თუ კლიენტი 35 (ოცდათხუთმეტი) დღის განმავლობაში არ შევა საკუთარ ანგარიშზე, Paysera მობილური აპლიკაციიდან ანგარიშზე წვდომის მოსაპოვებლად კლიენტმა ხელახლა უნდა შევიდეს Paysera-ს ანგარიშის პაროლით და დააყენოს Paysera მობილური აპლიკაციის ახალი PIN კოდი. ამისთვის სისტემამ შეიძლება მოითხოვოს დადასტურების კოდის შეყვანა. Paysera გაფრთხილებთ, რომ თუ Paysera მობილური აპლიკაცია გამოყენებულია და არ არის გამორთული, ხოლო მობილური მოწყობილობა არ არის დაბლოკილი და არ გადასულა ძილის რეჟიმში, Paysera მობილური აპლიკაცია ამავე მობილური მოწყობილობიდან გარკვეული დამატებითი დროის განმავლობაში შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს Paysera მობილური აპლიკაციის PIN კოდის ხელახლა შეყვანის გარეშე.

გადარიცხვის შესრულება

11. გადარიცხვა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ სრულად იდენტიფიცირებული კლიენტის მიერ.

12. იმისთვის, რომ შესრულდეს გადარიცხვა, კლიენტმა უნდა მიუთითოს მიმღების უნიკალური იდენტიფიკატორი და გადასარიცხი თანხის ოდენობა იმ ვალუტაში, რომელშიც კლიენტს განთავსებული აქვს თანხები საკუთარ Paysera-ს ანგარიშზე, ასევე სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია.

13. გადარიცხვის შესრულებამდე კლიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მიმღების უნიკალური იდენტიფიკატორი სწორია, მოქმედია და გამოიყენება მიმღების მიერ. Paysera არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ მითითებული არასწორი იდენტიფიკატორის გამო თანხების არასწორ მიმღებთან გადარიცხვაზე.

14. გადარიცხული თანხა დაუყოვნებლივ აისახება მიმღების Paysera ანგარიშზე, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული იდენტიფიკატორი დაკავშირებულია მიმღების Paysera ანგარიშთან.

15. თუ კლიენტი იყენებს ტელეფონის ნომერს ან ელექტრონული ფოსტის მისამართს, როგორც უნიკალურ იდენტიფიკატორს და აღმოჩნდება, რომ მიმღების ანგარიში არ არის დაკავშირებული გადამხდელის მიერ მითითებულ იდენტიფიკატორთან, ჩარიცხვა შესრულდება მას შემდეგ, რაც მიმღები დაუკავშირებს საკუთარ ანგარიშს გადამხდელის მიერ მითითებულ იდენტიფიკატორს (თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს). თუ მიმღები არ დაუკავშირებს საკუთარ ანგარიშს მითითებულ იდენტიფიკატორს 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, გადარიცხვა ავტომატურად უქმდება და თანხები ბრუნდება გადამხდელის Paysera ანგარიშზე.

16. Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით განხორციელებადი გადარიცხვის ტიპები:

16.1. გადარიცხვა სისტემის მომხმარებელთან. მსგავსი გადარიცხვა, შესაძლოა, დაცული იყოს პაროლით: კლიენტი საგადახდო დავალების შედგენისას აყენებს გადარიცხვის მიღების პაროლს. გადარიცხვა სრულდება მხოლოდ იმ დროს, როდესაც მიმღები შეიყვანს კლიენტ-გადამხდელის მიერ განსაზღვრულ და მიმღებისთვის მიწოდებულ გადარიცხვის მიღების პაროლს. თუ მიმღები არ შეიყვანს გადამხდელის მიერ განსაზღვრულ პაროლს, თანხები ავტომატურად ბრუნდება გადამხდელის Paysera ანგარიშზე 30 დღის შემდეგ. ასეთი გადარიცხვის ავტორიზაციის მომენტად ითვლება მიმღების მიერ გადარიცხვის მიღების პაროლის შეყვანა და ამგვარი გადარიცხვის გაუქმება დაუშვებელია მიმღების მიერ პაროლის შეყვანის შემდგომ. კლიენტი პასუხისმგებელია მიმღებისთვის გადარიცხვის მიღების პაროლის უსაფრთხოდ და ჯეროვნად მიწოდებაზე და აღნიშნული პაროლის მხოლოდ ფულადი სახსრების მიმღებისთვის გამჟღავნებაზე.

16.2. გადარიცხვა იმ პირთან, რომელიც არ არის სისტემის მომხმარებელი.

17. გადარიცხვისთვის არ არის დადგენილი მინიმალური ოდენობა. გადარიცხვებზე ვრცელდება კლიენტის Paysera ანგარიშისთვის დაწესებული გადარიცხვის ლიმიტები.

18. თუ თანხა მიღებულია შეცდომით, მიმღები ვალდებულია უმოკლეს ვადაში დაუბრუნოს იგი გამგზავნს.

19. Paysera მობილური აპლიკაციის გამოყენებისას კლიენტს შეუძლია მიმღებად აირჩიოს ნებისმიერი კონტაქტი საკუთარი მობილური მოწყობილობის საკონტაქტო წიგნაკიდან. ამ ფუნქციის გამოყენებისას კლიენტი თანხმდება, რომ Paysera-მ შესაძლოა მოიპოვოს წვდომა, მართოს და შეინახოს თავის სერვერებზე კლიენტის მობილურ მოწყობილობაში არსებული კონტაქტების ტელეფონის ნომრებიდან და ელ. ფოსტის მისამართებიდან გენერირებული მნიშვნელობები, მხოლოდ ამ ხელშეკრულებისა და Paysera მობილური აპლიკაციის გამოყენების მიზნებისთვის. კლიენტი ასევე თანხმდება, რომ ის აისახება Paysera მობილური აპლიკაციის სხვა მომხმარებლების მობილურ მოწყობილობებზე, რომლებსაც აქვთ კლიენტის საკონტაქტო მონაცემები.

საქონლისა და/ან მომსახურებისთვის ანგარიშსწორება გაყიდვების წერტილებში

20. Paysera მობილური აპლიკაცია იძლევა საქონლისა და/ან მომსახურების ღირებულების გადახდის შესაძლებლობას იმ გაყიდვების წერტილებში, სადაც გადახდები მიიღება Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით:

20.1. მერჩანტის იდენტიფიკატორის დასკანერების გზით: კლიენტი მობილური მოწყობილობით ასკანერებს გაყიდვის წერტილში მერჩანტის მიერ წარმოდგენილ მერჩანტის იდენტიფიკატორს და ადასტურებს კონკრეტული საქონლის ან მომსახურების ღირებულების გადახდას;

20.2. Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით საქონლის ან მომსახურების დისტანციურად შეკვეთის გზით: Paysera მობილურ აპლიკაციაში კლიენტს შეუძლია იპოვოს იმ გაყიდვების წერტილების ჩამონათვალი, რომლებიც იღებენ გადახდებს Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით, და შეუკვეთოს საქონელი ან მომსახურება, გადახდის დისტანციურად დადასტურებით.

21. გაყიდვების წერტილებში ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება კლიენტის Paysera ანგარიშისთვის დაწესებული ჩვეულებრივი გადარიცხვის ლიმიტები. კლიენტებს, რომლებსაც არ გაუვლიათ სრული იდენტიფიკაციის პროცედურა, გაყიდვების წერტილებში გადახდების შესრულება შეუძლიათ მხოლოდ Paysera მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებული საგადახდო ბარათით.

22. მას შემდეგ, რაც კლიენტი დაადასტურებს გადარიცხვას, მისი გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია.

Paysera ანგარიშზე თანხის შეტანა ან თანხის გამოტანა

23. Paysera-ს ანგარიშის შევსება Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ მხოლოდ სრულად იდენტიფიცირებულ კლიენტებს.

24. Paysera-ს ანგარიშზე თანხის შესატანად კლიენტი „თანხის შეტანის“ ფუნქციის არჩევის შემდგომ მიიღებს ანგარიშის შევსების BAR ან QR კოდს, რომელიც უნდა წარადგინოს თანხის შეტანის წერტილებში, სადაც სკანერდება ანგარიშის შევსების კოდი და კლიენტის მიერ მითითებული თანხის ოდენობა ემატება Paysera ანგარიშს.

25. Paysera ანგარიშიდან თანხის გამოსატანად კლიენტი „თანხის გატანის“ ფუნქციის არჩევის შემდგომ მიიღებს თანხის გატანის BAR ან QR კოდს, რომელიც უნდა წარადგინოს თანხის გატანის წერტილებში, სადაც სკანერდება თანხის გატანის კოდი და კლიენტის მიერ განსაზღვრული თანხა გაიცემა მისი Paysera-ს ანგარიშიდან.

26. ადგილები, სადაც შესაძლებელია Paysera-ს ანგარიშზე თანხის შეტანა ან ანგარიშიდან თანხის გამოტანა, მითითებულია თანხის გატანის/შეტანის ადგილების რუკაზე ან ჩამონათვალში.

27. თანხის შეტანისთვის ან გამოტანისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს კლიენტის მიერ დამატებითი ქმედებების შესრულება.

უსაფრთხოება

28. ვინაიდან Paysera მობილური აპლიკაცია წარმოადგენს საგადახდო ინსტრუმენტს, კლიენტმა უნდა იზრუნოს მობილური მოწყობილობის უსაფრთხოებაზე, არ დატოვოს Paysera მობილური აპლიკაცია ჩართული და არ გადასცეს ან დატოვოს პაროლები სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. თუ კლიენტი ეჭვობს, რომ Paysera მობილური აპლიკაციის განბლოკვის PIN კოდი ან სხვა პაროლები ცნობილი გახდა სხვა პირებისთვის, მან დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს საკუთარი Paysera მობილური აპლიკაციის განბლოკვის PIN კოდი და/ან ანგარიშის პაროლი. ამის შეუძლებლობის შემთხვევაში კლიენტმა მომსახურების გენერალურ ხელშეკრულებაში მითითებული წესით უნდა აცნობოს Paysera-ს აღნიშნულის შესახებ, რათა დაიბლოკოს Paysera მობილური აპლიკაციით Paysera-ს ანგარიშის მართვის შესაძლებლობა, სანამ არ შეიქმნება ახალი პაროლები.

29. თუ კლიენტი ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნულს, იგი პასუხისმგებელია Paysera-ს ანგარიშზე განხორციელებული ყველა იმ არაავტორიზებული ტრანზაქციისთვის, რომელიც განხორციელდა პაროლების სხვებისთვის გამჟღავნების და/ან ანგარიშის მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომობის გამო.

30. წინამდებარე დანართის მიხედვით, პაროლებად ითვლება ავტორიზაციის მონაცემები, Paysera მობილური აპლიკაციის განბლოკვის PIN კოდი, გადარიცხვის მიღების პაროლი, ანგარიშის შევსების ან თანხის გატანისთვის განკუთვნილი QR ან BAR კოდები.

31. მობილური ტელეფონის ნომრისა და/ან ელ. ფოსტის Paysera ანგარიშთან დაკავშირების შემდეგ, კლიენტის მობილური ნომერი და/ან ელ. ფოსტის მისამართი გამოიყენება როგორც გადახდის ინსტრუმენტი ან კლიენტის იდენტიფიცირების საშუალება, შესაბამისად კლიენტმა უნდა დაიცვას აღნიშნული ინსტრუმენტებისა და მათზე წვდომის უსაფრთხოება. კლიენტი სრულად არის პასუხისმგებელი მობილური მოწყობილობის, ტელეფონის ნომრის (SIM ბარათის), ელ. ფოსტაზე წვდომისა და ყველა პაროლის უსაფრთხოებაზე.

32. კლიენტმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ ორიგინალი ოპერაციული სისტემა და მისი სტანდარტული ინსტრუმენტები, რომლებიც მოწოდებულ იქნა მოწყობილობასთან ერთად. მოწყობილობაზე სხვა პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება ან მასში ინტეგრირებული სტანდარტული უფლებებისა და დაცვის ფუნქციების ცვლილება ზრდის ცალკეული დაყენებული აპლიკაციების, მათ შორის Paysera მობილური აპლიკაციის მიერ შენახული მონაცემების უსაფრთხოების რისკს. Paysera არ არის პასუხისმგებელი ოპერაციული სისტემის უსაფრთხოების დარღვევით გამოწვეულ ზარალზე.

პასუხისმგებლობა

33. Paysera არ არის პასუხისმგებელი კლიენტის ნებისმიერ ზარალზე, თუ კლიენტი რაიმე მიზეზით ვერ შეძლებს Paysera მობილურ აპლიკაციაში შესვლას; თუ Paysera მობილურ აპლიკაციასთან ერთად გამოყენებული მოწყობილობა, პროგრამა ან ოპერაციული სისტემა შეწყვეტს მუშაობას; თუ Paysera მობილური აპლიკაცია არ მუშაობს ისე, როგორც კლიენტი მოელოდა; ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში; თუ მომსახურება დროულად ვერ იქნა გაწეული მესამე პირების (მაგ. პროგრამული უზრუნველყოფის, ოპერაციული სისტემის, ოპერატორების და ა.შ.) ზემოქმედების შედეგად.

34. კლიენტი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ Paysera-სთვის წარდგენილი და საკუთარ Paysera ანგარიშთან დაკავშირებული მობილური ტელეფონის ნომერი და/ან ელ. ფოსტის მისამართი ეკუთვნის თავად კლიენტს.

35. Paysera არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზარალზე, რომელიც კლიენტმა შესაძლოა განიცადოს ამ მომსახურებით სარგებლობისას. Paysera ასევე არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ სატელეკომუნიკაციო ქსელების გაუმართაობის შედეგად მიღებულ ზარალზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

36. Paysera მობილური აპლიკაციის გამოყენებისას კლიენტი აწვდის Paysera-ს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტის მისამართს, ასევე დაკავშირებული საგადახდო ბარათის ნომერს, მისი მოქმედების ვადას, CVV კოდს, სახელს, გვარს (დაკავშირებული საგადახდო ბარათის არსებობის შემთხვევაში). თუ კლიენტი იდენტიფიცირებულია, Paysera ამუშავებს მის სხვა მონაცემებსაც, რომლებიც შენახულია Paysera სისტემაში.

37. კლიენტის მონაცემები მუშავდება:

37.1. Paysera-ს მომსახურების გაწევისა და ფულის გათეთრების აღკვეთის მიზნებით.

37.2. დამატებით, კლიენტის მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს კვალიფიციური ელექტრონული იდენტიფიკაციის მომსახურების გაწევის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას კლიენტის ვინაობის სანდო დადგენა, როდესაც კლიენტი იყენებს ელექტრონულ მომსახურებებს ან უკავშირდება საჯარო თუ კერძო სისტემებს კვალიფიციური ელექტრონული იდენტიფიკაციის საშუალების ინტერფეისის მეშვეობით.

38. მონაცემები ინახება 8 წლის განმავლობაში კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ. შენახვის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 2 წლით, კომპეტენტური ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. მონაცემთა შენახვის ასეთი ვადა მოითხოვება ლიეტუვის რესპუბლიკის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონით.

39. Paysera-ს მიერ დამუშავებული ყველა მონაცემი კლიენტის მიერ მოწოდებულია ნებაყოფლობითობის, ინფორმაციის სისრულისა და სისწორის პრინციპების დაცვით.

40. ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, არ გადაეცემა მესამე მხარეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე. Paysera-მ შესაძლოა გაამჟღავნოს პირის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ან ინფორმაცია, როდესაც ასეთი გამჟღავნება მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობით ან კომპეტენტური ორგანოების მიერ. Paysera ასევე უფლებამოსილია გაამჟღავნოს პერსონალური მონაცემები ან ინფორმაცია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს არ არის აკრძალული კანონით და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ობიექტურად გამართლებულია კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვეულებრივ, მონაცემები მჟღავნდება შემდეგ შემთხვევებში:

40.1. პირის თანხმობით ინფორმაციის გამჟღავნებაზე;

40.2. სამართალდამცავი ორგანოებისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული წესით;

40.3. თუ ეს აუცილებელია დანაშაულის თავიდან ასაცილებლად ან გამოსაძიებლად;

40.4. კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

41. Paysera აპლიკაცია ასევე აღჭურვილია ანალიტიკური ხელსაწყოებით, რომლებიც განკუთვნილია Paysera აპლიკაციის სათანადო ტექნიკური მუშაობის უზრუნველსაყოფად (როგორიცაა Crashlytics, Firebase Crash Reporting). ასეთი ხელსაწყოები აანალიზებენ აპლიკაციის გაუმართაობის მიზეზებს და აწვდიან მათ Paysera-ს, რათა უკეთ გავიგოთ კლიენტის საჭიროებები და გაუმართაობისა თუ შეფერხებების მიზეზები. ამ მიზნით, Paysera აპლიკაციის ტექნიკური ფუნქციონირების გაუმართაობის შემთხვევაში, მონაცემები გაუმართაობის შესახებ შესაძლოა გადაეცეს მესამე პირებს – ასეთი ტექნიკური ფუნქციონირების ანალიტიკური ხელსაწყოების მმართველებს, რომლებიც ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს მათი საჯაროდ ხელმისაწვდომი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

42. კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს წვდომა Paysera-ს მიერ შეგროვებულ და შენახულ პერსონალურ მონაცემებზე, გაიგოს, თუ როგორ ხდება მათი დამუშავება, ასევე მოითხოვოს მისთვის ასეთი მონაცემების მიწოდება. მონაცემები შესაძლოა მიეწოდოს უფასოდ კალენდარულ წელიწადში ერთხელ, სხვა შემთხვევებში მონაცემთა მიწოდებისთვის შესაძლოა დაწესდეს საფასური, რომელიც არ აღემატება მონაცემთა მიწოდების ღირებულებას.

43. კლიენტს უფლება აქვს მოსთხოვოს Paysera-ს უსასყიდლოდ გამოასწოროს ნებისმიერი უზუსტობა მის პერსონალურ მონაცემებში. კლიენტს ასევე აქვს უფლება არ დაეთანხმოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას და მესამე მხარისთვის გამჟღავნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მომსახურების გასაწევად.

44. კლიენტს Paysera-ს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, მათი შესწორებისა და დამუშავებაზე უარის თქმის შესახებ მოთხოვნის გაგზავნა შეუძლია ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected].

საბოლოო დებულებები

45. ეს წესები დასტურდება კლიენტის მიერ Paysera მობილური აპლიკაციის გადმოწერითა და მასში რეგისტრაციით. კლიენტზე ვრცელდება მომსახურების გენერალური ხელშეკრულების ყველა მისთვის გამოსაყენებელი დებულება და ამ წესების დებულებები.

46. როდესაც კლიენტი Paysera აპლიკაციაში გაააქტიურებს კვალიფიციური ელექტრონული იდენტიფიკაციის მომსახურებას, ითვლება, რომ კლიენტი გაეცნო კვალიფიციური ელექტრონული იდენტიფიკაციის საშუალების მომსახურების გაწევის პირობებს, რომლებიც ხელმისაწვდომია აქ.

47. საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ წესებით, რეგულირდება მომსახურების გენერალური ხელშეკრულებით.